ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსი და ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის შექმნა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილმა ვითარებამ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკომისიამ მოახდინა 122 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური სახსრების მობილიზება. აღნიშნული თანხა მოხმარდება სამეცნიერო-კვლევითი თუ ინოვაციური გადაწყვეტილებებით აღნიშნული კრიზისის დაძლევის გზების კვლევას. შედეგად, ევროკომისიამ ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში, გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული 5 სპეციალური კონკურსი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, როგორც ჰორიზონტი 2020 პროგრამის კოორდინატორი უწყება, დაინტერესებულია ზემოაღნიშნულ სპეციალურ კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის ხელშეწყობით. აღნიშნული ინტერესი საფუძველი  გამყარებულია იმ გარემოებით, რომ საქართველო დასახელებულია კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად.  გვსურს, ხელი შევუწყოთ კორონავირუსთან ბრძოლის ქართული მაგალითის (ე.წ. Georgian Case), ასევე ამ პროცესში ჩართული სამეცნიერო და მედიცინის ჯგუფების ევროპულ ქსელებში ჩართვას, რომლებიც მუშაობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა კორონავირუსის დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ვაქცინის შემუშავება  და პანდემიის ქცევითი, სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენა.

სწორედ ეს თემა გახლდათ 26 მაისს ევროკომისიასთან გამართული ვიდეო-კონფერენციის მიზანი, დასახულიყო გზები თუ როგორ შეიძლება ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020 პროგრამის ასოცირებულ ქვეყნებს შორის კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფების თანამშრომლობის გაძლიერება, მათ შორის ლოკალურ დონეზე,  ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბება.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორშაბათს, 1 ივნისს, 18:00 საათზე  მართავს ონლაინ-საინფორმაციო შეხვედრას Microsoft Teams პლატფორმის გამოყენებით.

ვიდეო-საინფორმაციო შეხვედრას უხელმძღვანელებს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი.

შეხვედრაზე, საქართველოში ჰორიზონტი 2020 პროგრამის ეროვნული კოორდინატორი, ნათია გაბიტაშვილი, ჯანმრთელობის მიმართულების ეროვნული საკონტაქტო პირი, მაია ოკუჯავა და ინოვაციური მედიცინის ინიციატივის საკონტაქტო პირი, მაია რუხაძე  მონაწილეებს წარუდგენენ ევროკომისიის მიერ გამოცხადებული სპეციალური კონკურსების შესახებ ინფორმაციასა და რჩევებს.

შეხვედრაზე წარიმართება დისკუსია ეროვნული სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბების მოდალობებზე.

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ  ონლაინ რეგისტრაცია.

რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ საინფორმაციო შეხვედრაზე მოწვევის ბმულს.