როგორ შემიძლია ჰორიზონტი 2020-ის პროექტისთვის პარტნიორების პოვნა?

გირჩევთ შემდეგს:
• გამოიყენეთ თქვენი საერთაშორისო კონტაქტები;
• აცნობებთ თქვენს საერთაშორისო კონტაქტებს რაც შეიძლება ადრე, რომ დაინტერესებული ხართ ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობის მიღებით;
• მონაწილეობა მიიღეთ და/ან დაესწარით ევროკავშირის მიერ გამართულ ღონისძიებებს. ასევე ევროპაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებს, სემინარებს, ა.შ.

ასევე, მიმართეთ შესაბამისი მიმართულების ეროვნულ საკონტაქტო პირს პროექტის პარტნიორის მოსაძებნად.

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება კონკურენტული საპროექტო წინადადების მომზადებისას?

ჰორიზონტი 2020-ის ძირითადი მოთხოვნის შესაბამისად, კონკურსის მიზნებისა და თემების უკეთ გაგების მიზნით, უნდა წაიკითხოთ კონკურსთან დაკავშირებით არსებული ყველა დოკუმენტაცია და დარწმუნდეთ, რომ თქვენი საპროექტო იდეა შესაბამისობაშია კონკურსის მიზნებთან. საპროექტო წინადადების მომზადებისას უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროპული კონტექსტის გათვალისწინება. სასურველია, თქვენს საპროექტო წინადადებაში შემდეგ საკითხებზე აქცენტირება:
• საპროექტო წინადადება გადაჭრის პრობლემას (ბაზრის მოთხოვნა);
• გააჩნია ევროპული დამატებითი ღირებულება და „impact”
• ეყრდნობა ევროკავშირის არსებულ პროექტებს;
• აქვს სამეცნიერო გამორჩეულობა; გააჩნია პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენა;
• მოიცავს სხვადასხვა დისციპლინარულ სფეროსა და/ან ღირებულებათა-ჯაჭვის თანამშრომლობას;
ასევე მნიშნელოვანია, საკმარისი დრო დაუთმოთ საპროექტო წინადადების მომზადებას და მის გაგზავნამდე, ყველა ფორმალური პირობის დაცვას (გვერდების რაოდენობა, ა.შ.)

ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელია კონსულტაციის გავლა შესაბამის ეროვნულ საკონტაქტო პირთან, რაც დაგეხმარებათ თქვენი საპროექტო წინადადების წარმატების შანსების გაზრდაში.

ჰორიზონტი 2020-ის პროექტებისთვის, დაფინანსების რა ტარიფები მოქმედებს?

ჰორიზონტი 2020-ის პროექტების მართვის გამარტივების მიზნით, თითოეულ პროექტზე მოქმედებს ერთი ტიპის დაფინანსების ტარიფი, ინოვაციურ პროექტებში მონაწილე არა-მომგებიანი ორგანიზაციების გამოკლებით.
დაფინანსების ტარიფებია:
• კვლევითი პროექტები: ყველა ტიპის მონაწილესათვის განსაზღვრულია 100% დაფინანსება;

• ინოვაციის პროექტები: პროექტებში მონაწილე არა-მომგებიანი ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებულია 100% დაფინანსება; ხოლო დანარჩენი მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია 70% დაფინანსება;

• არაპირდაპირი ხარჯები, ე.წ. ზედნადები – გათვალისწინებულია პროექტის საერთო ბიუჯეტის 25%.

როგორ გავაკეთო განაცხადი ჰორიზონტი 2020-ის პროგრამაში დაფინანსების მოსაპოვებლად?

ჰორიზონტი 2020-ის დაფინანსების მოპოვება ხდება კონკურსის წესით, საკონკურსო თემებზე ევროკომისიაში საპროექტო წინადადებების წარდგენის გზით. აღნიშნული კონკურსები ქვეყნდება მონაწილეთა პორტალზე. კონკურსებში განსაზღვრულია თემატური სფეროები, რომლებზეც შესაძლებელია დაფინანსების მოპოვება. კონკურსებში ასევე მოცემულია ის კრიტერიუმები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია. კონკურსებში ასევე მოცემულია ინფორმაცია კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ჯამური ოდენობის შესახებ და კონკურსში საპროექტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა. აღნიშნული ბოლო ვადა მკაცრად რეგლამენტირებულია და წუთი-წუთზე უნდა იქნეს დაცული – ის საპროექტო წინადადებები, რომლებიც დადგენილ ვადაზე, თუნდაც ერთი წუთით გვიან არის წარდგენილი, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან და არ იქნება განხილული.