NATO-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროგრამის” შესახებ საინფორმაციო დღე გაიმართა

მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით NATO-ს პროგრამის „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ შესახებ საინფორმაციო დღე გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო, აკადემიური სფეროს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.  

საინფორმაციო დღეზე დამსწრე აკადემიურ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა, Horizon 2020 ეროვნულმა კოორდინატორმა, ნათია გაბიტაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის უწყებათაშორისი კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა ოლღა სპირანდიმ.   

ღონისძიებაზე NATO-ს პროგრამის შესახებ  პრეზენტაციები წარმოადგინეს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ნინო წერეთელმა და   „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ კვლევითი ცენტრის წამყვანმა მკვლევარმა, უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის მიმართულებით Horizon 2020 ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, ნატალია შათირიშვილმა.

პრეზენტაციები:

შეგახსენებთ, რომ NATO-ს აღნიშნულ პროგრამას საფუძველი 1956 წლის 13 დეკემბერს ჩაეყარა, როდესაც ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს ფარგლებში არასამხედრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავების თაობაზე წარადგინა მოხსენება, ხოლო ამ მოხსენების ერთ-ერთი უშუალო შედეგი 1958 წელს NATO-ს „მეცნიერების პროგრამის“ დაფუძნება იყო.

პროგრამის ამოცანას NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება და NATO-ს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში ხდება მთავრობის, აკადემიური სფეროს ან არაკომერციული ორგანიზაციების, როგორც ფინანსური, ასევე ექსპერტული მხარდაჭერა 3 საგრანტო მექანიზმის ფარგლებში:

  • მრავალწლიანია კვლევითი პროექტები (Multi-Year Research Projects);
  • კვლევითი სემინარები (Advanced Research Workshops);
  • სასწავლო კურსები (Advanced Training Courses).

NATO-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ პროგრამა თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მუდმივად პასუხობდა სხვადასხვა დროის მოთხოვნებს და  ალიანსის ერთგვარ ბრენდად იქცა.

საინფორმაციო დღის ფოტო მასალა: